წერილი
53, Fribourg, Швейцария

ახლა მინდა წერილი მოგწერო, დიდიხანია არ მომიწერია შენთვის, ბოლოს 20 წლის უკან მოგწერე, არ გამომიგზავნია, თუმცა არცერთი წერილი შენდამი მოწერილი არ გამომიგზავნია. ერთხელ მითხარი რომ წერილი გამომიგზავნე და არ მოგსვლიაო? არ მომსვლია...ისიც ვიცი რომ არც გამოგიგზავნია. შეიძლება რომ დაგიწერია და აღარ გამოგიგზავნია. მეც ხომ ეგრე ვშვებოდი. ეს წერილიც არ მოგივა, რადგან არ გამოვაგზავნი. ან რად გინდა ჩემი წერილები? ყველაფერი მოგონებებში დარჩა და წარსულის ნაწილად იქცა. ცოტა ხნის უკან გაგიხსენეთ მე და ხ-მ. მკითხა როგორ შეგიყვარდაო? ვერ წარმოუდგენია რომ შემეძლო შენი შეყვარება. ვუპასუხე რომ ძალიან ყურადღებიანი იყავი ჩემს მიმართ და ამიტომ, კიდევ იმიტომ რომ ლამაზი თვალები გქონდა, ძალიან ლამაზი თითები. განა ეს ცოტაა? მას გაეღიმა. კიდევ უფრო ადრე კლასელებში შენს სახელს და გვარს ვკრიბავდი, რატომღაც მინდოდა მეპოვნე, ჩუმად მეპოვნე და შემეხედა შენთვის, როგორი გახდი. ვერ გიპოვე...შენს ძებნაში შენი შვილი ვიპოვე. დიდი გაზრდილა უკვე, მასში შენი სახის ნაკვთები ვნახე, მამასაც გავს, მაგრამ შენი ნაკვთები მეტად გამოჰყოლია. ეტყობა გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, ეს მამისგან აქვს ალბად... ყველაფერი რაც მოხდა ჩვენს შორის, თითქოსდა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სხვაგვარად რომ მომხდარიყო, ანუ ჩემთან რომ ყოფილიყავი და არა მასთან, საინტერესოა ახლა რა შედეგი გვექნებოდა? ერთი რამ გამკვირვებია ქალთაგან: რატომ არ ამბობენ იმას რაც გულში აქვთ და რატომ უნდა გვიხდებოდეს მამაკაცებს ამ გულში ნადების გამოცნობა? შეიძლება თავისებური ხიბლი აქვს ყველაფერს ამას, მაგრამ ჩემთვის სულ პრობლემა იყო ხოლმე ქალის ასეთი ქცევა. ამბობ ერთს და გულში სულ სხვა რამ გიდევს. გახსოვს ერთხელ მითხარი, თითქოს გამაფრთხილე: თუ მეგობარმა სიყვარული ამიხსნა იგი შემძულდება ამ ღალატისთვისო. ეგ იყო ჩემთვის განაჩენი, სასტიკი და ულმობელი შენი გამოტანილი. მას მერე ორცეცხლსშუა მდგარი დავიწვი და არც დავიწვი. მთელი ჩემი ძალისხმევა დავიწყებაზე გადავიდა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. თითქმის ყველა ხვდებოდა ჩემს სიყვარულს, მაგრამ შენ უარყოფდი და ყველას უმტკიცებდი რომ ერთგული ვიყავი შენი მეგობრობის. ისევ შენმა ქმარმა მიხსნა, შენმა ქმარმა და ჩემი სიყვარულის მოცილემ. თუმცა მასზე არასოდეს არ გავბრაზებულვარ. დამნაშავე ხომ მე ვიყავი. მე ვერ შევძელი მოვფრთხილებოდი ჩემს სიყვარულს. ვერ გაგიმხილე რომ მიყვარდი. სამაგიეეროდ ის კი გითხარი რომ აღარ მიყვარდი და ესეც სისულელე ჩავიდინე, მაგრამ მაშინ აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან შენ ისევ ისე მეპყრობოდი როგორც გათხოვებამდე და ძლივს გადაჩვეულს და დავიწყებულს ახალ გრძნობებს მიღვიზებდი. ჩემი აღსარებით წერტილი დაუსვი ჩვენს ურთიერთობას, მე ამოვისუნთქე. შენ? არ ვიცი. მაგრამ ჩემთვის იყო აუცილებელი წერტილის დასმა, რადგან ის რაც წარსულში დარჩა ჩემთვის უძვირფასესია, თუნდაც მას ცალმხრივი სიყვარული დავარქვათ და მას ვეღარ შევბღალავდი ვნებით. გახსოვს ალბად დაბადების დღეზე ქალის ქანდაკება რომ მოგიტანე, შემდეგ მითხარი რომ ბავშვმა გადმოაგდო და დაამსხვრია. რომ ძალიან დაგწყდა გული, მაგრამ აქაც არის ლოგიკა, ის რომ შენმა პატარამ ის გააკეთა რაც უნდა გაკეთებულიყო. წერტილი დაუსვა ყველაფერს. წარსულს, მოგონებებს. რადგან ის ქანდაკება სულ მოგაგონებდა ჩემს თავს და რისთვის? ან ეს წერილი წაიკითხო რისთვის? ყველაფერი ხომ მაშინ დამთავრდა როცა გაბედნიერება მოგილოცე ჭიქით ხელში. მაშინ მე ახლა შექმნილ ოჯახს ვლოცავდი და ამავე დროს ჩემი სიყვარულის ხსოვნას ვამბობდი. მე ახლად შექმნილი ოჯახში ვიყავი და ამავე დროს ჩემი სიყვარულის დაკრძალვაზე. გიყურებდი და ვხვდებოდი რომ ბედნიერი სულაც არ იყავი, მაგრამ შენი არჩევანი უკვე გაკეთებული გქონდა, თუმცა მაშინ არჩევანიც აღარ გქონდა და დინებას მიყვებოდი. ალბად მეც დინებას მივყვებოდი და თითქოს თავს ვიმშვიდებდი რომ შენ ჩემი ბედი არ იყავი და ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით. ალბად ასეც არის, რადგან ჩვენ ერთად აღარ ვართ და არც არასოდეს ვყოფილვართ.

მ შ ვ ი დ ო ბ ი თ...

P.S.
საოცარი იცი რა არის? იმ წლებში რომ დამაბრუნა როცა გაგიცანი არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს დავტოვებდი ისე როგორც მოხდა, ძალიან მეძვირფასება და მიტომ, ამას შენი ნაჩუქარი ენძელაც ადასტურებს ჩემს დღიურში რომ დევს... შენ შეცვლიდი...?

29 просмотров
 
Комментарии
TaTa 03.05.2013

... :)

sopo-sopo 01.05.2013

კიდევ ერთი ინდივიდუალური ტკივილი,რომელიც პესიმისტ (წარსულს ვინც მისტირის) ადამიანებს ხშირად ახასიათებთ. :)

aMIRZAde aMIRZAde 01.05.2013

ვერ ვიტყვი რომ მივტირივარ, თუმცა მახსოვს და არ მავიწყდება..

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут