ს ი ზ მ ა რ ი
53, Fribourg, Швейцария

სადღაც ვარ, კედლები თეთრად შეღებილია, ორი კარებს შორის ვდგევარ და ველოდები, მალი-მალ კარები იღება და თეთრხალათიანები გამოდიან ერთი კარებიდან და მეორეში შედიან, ან პირიქით. მე ველოდები, არ ვიცი რას, მაგრამ ვიცი რომ უნდა ველოდო, აფორიაქებული ვარ, ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს გაქცევაც მინდა , მაგრამ ველოდები. იმავე ოთახში სკამები დგას და ქალები ჩამომსხდარან, ალბად ესენიც ელოდებიან. ხანდახან გამომხედავენ და შემდეგ რაღაცას ჩურჩულებენ. თითქოს ჩემზე, რადგან ისინი ხვდებიან რომ ველოდები რაღაცას, მე კი ვერ ვხვდები რას ველოდები. ამასობაში ერთი კარები იღება და თეთრხალათიანი შემოდის, მას ხელში პლასმასის ვედრო უჭირავს, შემომხედა და ვედრო შემომაჩეჩა_ აჰა წაიღეო... მე ვედროს ვართმევ და მივდივარ, დავდივარ ოთახებში და ვეძებ ადგილს სადაც ამ ვედროს მოვიშორებ, უფრო სწორედ რაც ამ ვედროშია. არ ვიხედები შიგ რა არის, თითქოს ვხვდები, რომ არ უნდა ჩავიხედო, არც ვიხედები, ოღონდ ვერ მიმიგნია ადგილისთვის რომ ეს ტვირთი მოვიშორო. მოულოდნელად ისევ თეთრხალათიანი შემომეფეთა, მერე ვედროში ჩაიხედა და დანანებით ამბობს:_ რა კარგი ბავშვია...მეც ძალაუნებურად ვიხედები ვედროში, იქ კი ჩანასახის დაჩეხილი სხეულის ნაწილები ყრია, პატარა ხელს ვარჩევ ბავშვისას...
მეღვიძება, ყველაფერი სიზმარია. მაგრამ ორი თვის უკან ჩემს ცოლს ნება დავრთე აბორტი გაეკეთებინა. უფრო სწორედ არასასურველი ბავშვი საკეისროთი მოაცილეს. მე მკვლელი ვარ... ჩემი შვილის მკვლელი. ამას ახლა ვაცნობიერებ ცხადად. ისე ცხადად რომ მთელ სხეულში მაკანკალებს და შიში მიპყრობს. შიში დანაშაულის, რომლის გამოც აუცილებლად დავისჯები. მთელი ცხოვრება უნდა ვატარო შვილის მკვლელის სახელი. ვერც გამოვასწორებ ამ დანაშაულს. ოპერაციის შემდეგ ექიმმა ჩემს ცოლს უთხრა, რომ შვილი აღარ ეყოლება, რადგან ოპერაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, კიდევ რაღაც სხეულის ნაწილი ამოეკვეთა .

P.S.

ერთხელ დედაჩემმა მიამბო: სანამ მე გავჩნდებოდი ძალიან უჭირდათ, თან შესაძლებელი იყო ოჯახი დანგრეულიყო უამრავი უსიამოვნებების გამო. უცებ ირკვევა, რომ ჩემზე არის ფეხმძიმედ, რათქმაუნდა გადაწყვეტილებას იღებენ რომ მოიშოროს ნაყოფი. განაჩენი გამოტანილი მაქვს, მაგრამ როცა გასინჯეს სამი თვის ფეღმძიმედ იყო და ექიმმა უარი თქვა აბორტის გაკეთებაზე.
ასე გავჩნდი მე...

13 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут