გოგოებო, გაითვალისწინეთ
40, Кутаиси, Грузия

გოგოებო, გაითვალისწინეთ: პრინცები ჩვენს მხარეებში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობენ... და თუკი სადღაც კიდევ არსებობენ, მათ მხოლოდ პრინცესებზე შეუძლიათ ქორწინება, ასე, რომ აქაც კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ... ისიც გახსოვდეთ, რომ პრინცესები პრინცებზე კი არა, უბრალო მწყემსებზე ოცნებობენ. დასაფიქრებელია, არა?

კარგით, კარგით, დიახ! ვიცი, რომ პრინცი კრებითი სახელია და უბრალოდ იდეალურ მამაკაცს ნიშნავს, მაგრამ აქაც წინააღმდეგობაში მოვდივართ საკუთარ თავთან: იდეალურს რომ ელი, განა თავად იდეალური ხარ? და კიდევ, საშინელ საიდუმლოს გაგიმხელთ: იდეალური ადამიანები, არც ქალები და არც კაცები, არ არსებობენ!

ასევე ძალზედ შეზღუდული რაოდენობითაა მილიონერები და ზღაპრული სიმდიდრის მქონე მამაკაცებიც, მითუმეტეს დაუოჯახებელი. კარგი, კარგი, ზღაპრულ სიმდიდრეს თავი დავანებოთ და ალალად ვთქვათ - თანამედროვე საქართველოს პირობებში 2000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ახალგაზრდა მამაკაციც ბევრი არ მოიძებნება... ისევ დასაფიქრებელია: ფულს ეძებ თუ სიყვარულს?

ამასტან დაკავშირებით კიდევ ერთი საიდუმლოს გამხელა მიწევს: მამაკაცი წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც მის გვერდით კარგი ქალია! ასე რომ, უმჯობესია ჩვეულებრივ ჯანმრთელ და პერსპექტიულ ბიჭებს დაუთმოთ ყურადღება, დაინახოთ მათში „გენერლები“ და „მილიონერები“ და აქციოთ ისინი ამგვარებად (რა თქმა უნდა, თუ ეს მათი სურვილიცაა)!

ვიცი ახლა ბევრი თქვენთაგანი აღშფოთდა და ბრაზით ამბობს, მე იდეალს და მილიონერს სულაც არ ვეძებ და სწორად ჩვეულებრივ ბიჭებთან არ მიმართლებსო... ვიცი, ვიციიიი... აქ მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე: ქალი იმდენად არ აფასებს საკუთარ თავს, რომ მზად არის ყველა წყალწაღებულს გაუყადროს თავი ერთი წვეთი ყურადღების სანაცვლოდ!

გახსოვდეთ! თუ კაცს აქვს რაიმე სახის „მანია“ ან „იზმი“ (მიხვდით ხომ, რაზეცაა საუბარი: ნარკომანია, თამაშომანია, ალკოჰოლიზმი), ან თუ კაცი პროფესიონალური უსაქმურია (დროებით უმუშევარზე არ მაქვს ლაპარაკი), პათოლოგიური მატყუარაა, ან მექალთანეა - იცოდეთ, ასეთთან ხეირიანი არაფერი გამოგივათ! იქნება მუდმივი ნერვების წყვეტა, თქვენი თავდაჯერებულობის (შესაძლოა თავისაც) წიხლებით თელვა, თქვენი პიროვნების სრულ სულიერ და ფიზიკურ განადგურებამდე... თუ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით, მთლად კაცს ნუ გადააბრალებთ ყველაფერს და დიდი მსხვილი ასოებით დაიწერეთ შუბლზე კითხვა - რატომ? რატომ ვიტან ყოველივე ამას? პასუხს მე გაგცემთ - ეს თქვენში ჩამალული მსხვერპლი და მაზოხისტია, რომელსაც წყალივით ესაჭიროება გაუთავებელი ტკივილი... (ნუ გეშინიათ, ესეც განკურნებადია!)
ქალების უმთავრესი და ყველაზე გავრცელებული შეცდომაა - ის გამოსწორდება, შეიცვლება, ჩემი სიყვარული მას ანგელოზად თუ არა, ნორმალურ მოქალაქედ მაინც გადააქცევს... გახსოვდეთ: არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა! ან მეორე - კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო. ჰოდა თუ სამარე არ ხარ, დაანებე ამ ამაო მცდელობას თავი...

თუ თქვენ სწორად ზემოთ აღწერილი ტიპის მამაკაცებს ირჩევთ, გახსოვდეთ: სანამ კაცს შეიყვარებთ, მის გაცნობას დაუთმეთ 2-3 თვე. დააკვირდით, უბრალოდ იამხანაგეთ მასთან, მეგობრები გაიცანით, გაიგეთ რით ცხოვრობს და რა აზრს დებს თავის ცხოვრებაში. დამერწმუნეთ, პირველ შეხვედრაზე არა, მაგრამ მეათეზე უკვე გამოავლენს თავს ნებისმიერი ადამიანი...

ხოლო წუნიებს და იდეალური პრინცების მომლოდინე ქალბატონებს ვკითხავდი: რა უმჯობეისა, იდეალის ლოდინში ჩამობერება და დაჩამიჩება, თუ არაიდეალურ კაცთან ცხოვრება, კოცნაობა, სიყვარული, სექსი, შვილები, სუფები და ჩახოხბილები, პამპერსები, შუა ოთახში დაყრილი ჭუჭყიანი წაღები, ცხოვრების უღელის ერთად გაწევა და რეალური, ხან წყნარი და ხანაც აჩოჩქოლებული ცხოვრებით ცხოვრება?

დამერწმუნეთ, მეორე ვარიანტი უმჯობესია! ასე რომ, მორჩით წუნიაობას! სანამ ნაბიჯს არ გადაადგავ და გადაწყვეტილებას არ მიიღებ, ვერასოდეს გაიგებ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება თუ არა!

სიტყვას ასე დავასრულებ: ჩვეულებრივ, ჯანმრთელ, რაღაცაში კომპლექსიან და არაიდეალურ, მაგრამ ნორმალურ მამაკაცებს გაუმარჯოთ!

სიყვარულით, ინგა ბლესსი.

107 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут