რამდენჯერ
40, Кутаиси, Грузия

1.

შენ წერ შენთვის...
შენ უკრავ შენთვის...
შენ ხატავ შენთვის...
შენ არ „შიშვლდები“...

მე ვწერ შენთვის...
მე ვუკრავ შენთვის...
მე ვხატავ შენთვის...
მე „ვშიშვლდები“ შენთვის...

2.
შენ გინდა „შენთან“...
შენ მიხვალ შენ თავთან...
შენ დარჩები შენში...
შენ გინდა იყო „შენთვის“...

მე მინდა შენთან...
მე მოვალ შენთან...
მე დავრჩები შენში...
მე მინდა ვიყო შენთვის...

3.
შენ არ გინდა ეს დღეები „უშენოდ“...
შენ არ გინდა მზის სხივები „უშენოდ“...
შენ არ გინდა მელოდია „უშენოდ“...
შენ გინდა იყო ის, ვინც არ ხარ...

მე არ მინდა ეს დღეები უშენოდ...
მე არ მინდა მზის სხივები უშენოდ...
მე არ მინდა მელოდია უშენოდ...
მე არ მინდა ვიყო ის, ვინც არ ვარ...

4.
„უშენოდ“ არ შეგიძლია სუნთქვა...
„უშენოდ“ არ შეგიძლია ფრენა...
„უშენოდ“ არაფერი შეგიძლია...

უშენოდ არ შემიძლია სუნთქვა...
უშენოდ არ შემიძლია ფრენა..
უშენოდ არაფერი შემიძლია...

5.
შენ ფარდებს აფარებ ყველაფერს,
ყველა ფერს, თეთრი ფერის გარდა...
და არ ეძებ შავ ფანქარს,
თეთრ კედელზე რომ დახატო უჩემობა...
...შენ გეშინია „უშენობის“...

მე ფარდებს ვაფარებ ყველაფერს,
ყველა ფერს, თეთრი ფერის გარდა...
და ვეძებ შავ ფანქარს,
თეთრ კედელზე რომ დავხატო უშენობა...
...მე მეშინია უშენობის...

6.
შენ ეძებ მუსიკას,
რომელიც დაგავიწყებს სიზმარს...
შენ ეძებ მიზეზს,
რომ არ მოგაბრუნოს ჩემსკენ...
შენ ეძებ სიტყვებს,
რომელიც ოდესღაც უნდა გეთქვა ჩემთვის
და გეშინია რომ იპოვო...

მე ვეძებ მუსიკას,
რომლიც გამახსენებს სიზმარს...
მე ვეძებ მიზეზს,
რომელიც მომაბრუნებს შენსკენ,
მე ვეძებ სიტყვებს,
რომელიც ოდესღაც უნდა მეთქვა შენთვის
და არ მეშინია თუ კი ვიპოვი.

7.
შენ არ ხარ იდეალური...
შენ არც გინდა იყო იდეალური...
შენ იცი რომ ვერ იქნები იდეალური,
იმიტომ რომ ჩვეულებრივი ხარ...

მე არ ვარ იდეალური...
მე არც მინდა ვიყო იდეალური...
მე ვიცი რომ ვერ ვიქნები იდეალური,
იმიტომ რომ ჩვეულებრივი ვარ.

8.
შენ გრძნობ როგორ გადის დრო...
შენ გრძნობ რომ შეიცვალე...
შენ გრძნობ რომ მეც შევიცვალე...
და მაინც არაფერი იცვლება...

მე ვგრძნობ როგორ გადის დრო...
მე ვგრძნობ რომ შევიცვალე...
მე ვგრძნობ რომ შენც შეიცვალე...
და მაინც არაფერი იცვლება...

9.
...იცვლება მხოლოდ რიცხვები კალენდრის ფურცლებზე...
სხვა არაფერი არ იცვლება!..

/ მეა ივანისელი /

49 просмотров
 
Комментарии
lulu-lulu93 22.12.2018

:-)

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут