17.11.2021
ზღვა
53, Fribourg, Швейцария


მენატრებიო რომ გითხრა ბანალური იქნება, რადგან თითქმის ყოველ დღეს მოდიხარ ჩემთან, მაგრამ სანამ მოხვალ თითქოს ვშფოთავ და ადგილს ვერ ვპოულობ, ვმოძრაობ წინ და უკან, ვღელავ, ალბათ შეხვედრის მოლოდინში. როცა გამოჩნდები ჩემკენ მომავალი, გავირინდები და შენი ტანის რხევას ვაკვირდები, ჰაეროვნად მოდიხარ ჩემკენ, მიღიმი, მესალმები, თვალს შემავლებ შენი წასვლიდან რამე ხომ არ შეცვლილა ჩემში. არა მე არ ვიცვლები. მერე როგორც ყოველთვის, ტანისამოს იხდი, გაშიშვლდები, ახლოს მოდიხარ და თითებს ვატოლებთ ერთანეთს, თითებით შეიგრძნობ ჩემი სხეულის ზედაპირის მდგომარეობას. მომენდობი და ჩამეხუტები. მე შენს გამოკვლევას ხელის თითებით ვიწყებ, თითოეული თითის ფალანგები ძვირფასია ჩემთვის, ხელის მტევნები მოწყვეტილი, ფართოდ გაშლილი მკლავები... მთელს შენს სხეულს ვგრძნობ, ფეხის თითებით დაწყებული თმებით დამთავრებული. მთელი სხეულით გეტმასნები, მკლავებზე გიწვენ და თვალებში გიყურებ... შენ ჩემს სულში იხედები და მეც სიამოვნებით მინდა გაჩვენო, ჩემს სულის ფსკერზე, ფერადი კენჭებივით მიმოფანტული ჩემში არსებული გრძნობები.. ღამით მოსვლა უფრო მიყვარს შენი, ღამე უფრო გახსნილი მეჩვენები, ნეტარებში ხარ, როცა სულ შიშველი ჩემს მკერდზე მოთავსდები. თავს ისე გრძნობ როგორც ემბრიონი დედის საშვილოსნოში, უწონადობაში რომ ლივლივებს. მე ძალიან გიფრთხილდები როგორც იმ ნივთს, არქეოლოგი რომ აღმოაჩენს წარსულში ძვირფასს და დღევანდელობაში მივიწყებულს, თუ დაკარგულს. გამუდმებით შემიძლია გესაუბრო, მაგრამ მე მოსმენაც მინდა შენი, რადგან ყოველ მოსვლაზე თავიდან ვიწყებ შენს გაცნობას. ხანდახან სევდაც მომაწვება, ეს მაშინ ხდება, როცა შენ მიდიხარ ჩემგან, იქნებ გინდა დარწმუნდე თუ მოგენატრები? მე ეს უფრო მაბრაზებს და კალაპოტიდან გადმოვდივარ, მოგდევარ, გეძახი, ვღმუივარ და აქეთ-იქეთ ვაწყდები. შენსკენ ლტოლვაში ვიმსხვრევი როგორც მინა, ათას ნაწილებად. მერე მთელი ღამე უძილო მყოფი ვიცლები და ვიღლები ემოციებისგან და შენც მოდიხარ ისევ... მენატრებიო რომ გითხრა ბანალური იქნება...

P.S. ზღვა ღელავს, ქარი ბობოქრობს, მენავეები ტირიან... https://www.youtube.com/watch?v=BtVbGwGnInE

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут