"დღეები,რომლებმაც შემცვალეს"...
37, Батуми, Грузия

"სიყვარულს შემთხვევითობა უყვარს"– ამ ფილმს ვუყურე ამას წინათ და... ბავშვობაში დავბრუნდი...ფილმი ლამაზი საყურებელია... ლამაზი მსახიობებით და ლამაზი შინაარსით რომელიც ბოლოს არცთუ ზღაპრულად მთავრდება... თუმცა მე თუ მკითხავთ სიყვარულის ისტორია მაშინაა ლამაზი როცა ქორწინებით არ სრულდება... როცა ერთფეროვნება არ ახუნებს...
ესაა ფილმი რომელმაც წარსულში დამაბრუნა და ჩემი ბავშვობის სიყვარული და იმედგაცრუება გამახსენა...
პირველ კლასში ერთად შევედით და მგონი მაშინ გავიცანი კიდეც მიუხედავად იმისა რომ მეზობლებიც ვიყავით... მე ადვილად ვითვისებდი,ის კი ვერ... მეხუთეზე ვცხოვრობდი,ის მეექვსეზე,მაგრამ სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდა... სულ ჩემთან იყო და მეცადინეობას იმიზეზებდა.. მახსოვს და მეღიმება ჩემს პირველ ვალსზე,რომელიც ფარდის უკან ვიცეკვეთ იმიტომ რომ გვრცხვენოდა და როცა აღმოგვაჩინეს ორივე თვალს ვერ ვუსწორებდით ერთმანეთს... მახსენდება ჩემი პირველი საჩუქარი ბიჭისგან–ბეჭედი და სუნამო, რომელიც დედამისს მოპარა და ამის გამო მთელი დღე ჩაკეტილი იყო სახლში... მახსოვს მთელი დღე ველოდი და მიკვირდა რომ არ მოდიოდა.. ღამით გვიან მოვიდა გულამოვარდნილი,თურმე ბალკონიდან გადამძვრალა და გამოპარულა...
პირველი სიყვარული... სუფთა,ბავშვური...გაწითლებებიდან და ჩუმი მზერიდან დაწყებული,რომელსაც დახრილი თვალებიდან ვაპარებდით...
მეგონა,არა ყველას გვეგონა რომ სულ გვეყვარებოდა ერთმანეთი... მაგრამ... ერთ დღეს ხალხის ყვირილმა ჩაკეტილ ფანჯრებს გამოაღწია და მახსოვს როგორ შემეშინდა... მახსოვს კლასელი შეშინებული თვალებით და ვერ გაბედილი სიტყვებით რომ ის გადმოვარდა მეექვსე სართულიდან... არ ვიჯერებდი და გულში ვთხოვდი ღმერთს ეგოისტურად, რომ ოღონდ ის არ ყოფილიყო... სხვა ყველა მემეტებოდა...
სიყვარული და პირველი იმედგაცრუება... იმედგაცრუება მაშინ როცა მეგონა რომ ზღაპრის მსგავსად, როცა ვაკოცებდი გაიღვიძებდა.. ძლივს გავბედე,მკვდართან მივედი და ვაკოცე... და არ გაიღვიძა... ყველას ცხოვრებაშია ალბათ მომენტი როცა ზღაპრები არსებობას წყვეტენ.. ჩემთვის რვა წლის ასაკში დამთავრდა,მაშინ დამთავრდა როცა გაფართოებული,ცრემლიანი თვალებით ველოდებოდი როდის გაახელდა ისიც თვალებს... რა თქმა უნდა სულ ტყუილად...
... სკოლას ვამთავრებდით და კლასელები წავედით მის საფლავზე... მშობლებმა რესტორანში "ბანკეტი" გადაგვიხადეს და... მე არ ვიცი როგორ გადაიტანეს ის დღე... მტკიოდა ჩემი,მათი,მისი... თითქოს ყველას ტკივილს განვიცდიდი... ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ვერ მაჩერებდნენ.. ვცდილობდი ჩემთვის წარმომედგინა,გამეზარდა,ის ხომ ჩვენი ტოლი უნდა ყოფილიყო... ვერ ვახერხებდი... გადიდებული სურათიდან პატარა ბავშვი შემომცქეროდა და მრცხვენოდა რომ ბავშვის სიყვარულს ვიხსენებდი... მე ხომ ძალიან დიდი და ცოდვილი ვიყავი მასთან შედარებით...

19 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут